ინფორმაციულ საზოგადოებაში გადასვლის პირობებისდაგვარად მასობრივი ინფორმირების საშუალებებიც იცვლება. ამ დროს უამრავი ფაქტორი იჩენს თავს, რომელთა გათვალისწინების გარეშე, მედია არათუ ვერ შეძლებდა სრულფასოვან ფუნქციონირებას, ხშირ შემთხვევაში, მის არსებობასაც შეექმნებოდა საფრთხე. Gგლობალიზაციისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში მასმედიის რეგულირების პრობლემა, სახელმწიფოს მხრიდან მისი ეკონომიკური კონტროლის ფორმების, მასმედიის კანონმდებლობის, დასავლურ დემოკრატიებში მისი სახელისუფლებო სამ განშტოებასთან დამოკიდებულების პრინციპები და ფორმები, ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებისას დასავლური გამოცდილების გაზიარება, - აი, იმ პრობლემატიკის არასრული ნუსხა, რომლითაც დღევანდელი ჟურნალისტიკამცოდნეობა ინტერესდება.
„ვინც მოქმედებს, ყოველთვის უსინდისოა, სინდისი აქვს მხოლოდ მაყურებელს”,-გოეთეს ეს გაუხუნარი სიტყვები თანამედროვე მედიისთვისაც ისევე მართებულია, როგორც მისი პირდაპირი ადრესატის- ხელისუფლებისთვის. მაგრამ თვით ცხოვრებაა ასეთი და არა მისი პირმშო კერძო პიროვნება. საჭიროა დროის გაგება, იმ ეპოქისა, რომელშიც მოღვაწეობ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ ჭვრიტო და დადგე ზედაპირზე, გაბატონებულ აზრზე მაღლა, შექმნა კვლევის სისტემა, საზომი, რათა მომავლის გადმოსახედიდან შეაფასო და დაინახო რეალობა, მისი ნამდვილი რაობა. მაგრამ, ვგონებ, სასურველის სინამდვილედ წარმოჩენის სურვილს ემსგავსება ეს აზრები. ამ მოთხოვნების შესრულება, პოეტისა არ იყოს, გულიდან სისხლის წვეთებს მოითხოვს და ერთი კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის მისი წაყენება, მით უფრო, ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, როდესაც მედიას „გარდატეხის ასაკიდან” გამოყოლილი კომპლექსებისგან თავის დაღწევა ასე უჭირს, სამართლიანად არ ჩაითვლება. მწყობრი კვლევითი სისტემის ჩამოყალიბებას თანმიმდევრული ღვწა და ხანი სჭირდება. ხოლო, პირველ ყოვლისა, მეცნიერება ჟურნალისტიკის შესახებ შესწავლის ობიექტის დინამიურობას, განვითარებადობას უნდა ითვალისწინებდეს. მხოლოდ ამ კონტექსტშია შესაძლებელი კვლევის სწორი მიმართულების პოვნა (პრესა ხომ საწუთროსავით უმდგრადია, - მუდმივ ცვალებადობაშია).
პრესის თავისუფლებაზე და მასზე, როგორც სახელისუფლებო ინსტრუმენტზე, პოლიტიკურ იარაღზე საუბარი დღეს არ დაწყებულა. იგი დიდი ხანია ქცეულა არაერთი მოაზროვნის ფიქრის საგნად. თითქმის საუკუნის წინ დაიწერა გერმანელი ფილოსოფოსის ოსვალდ შპენგლერის „პოლიტიკის ფილოსოფია“ და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გავლენის შესახებ მასში გამოთქმული თვალსაზრისი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. ასე განსაჯეთ, დროის აქსესუარი რომ ჩამოგვეშორებინა, დღევანდელობის ანალოგიას მივიღებდით. მისი აზრით, როგორც ანტიკურმა ქვეყანამ, რომის ფორუმის სახით, გამონახა საშუალება მასაზე ზემოქმედებისათვის, ისე თანადროულმა (ცხადია, ფილოსოფოსის ეპოქა იგულისხმება) ევროპა-ამერიკის პოლიტიკამ, პრესის სახით, გავლენის ისეთი არე იპოვა, „რომლის სულიერი და ფულადი ძლიერება მსოფლიო ყველა კუთხემდე სწვდება, რომელშიაც შებმულია ყველა და ყოველი და იძულებულია ისე იფიქროს, ისე იაზროვნოს, ისე იმოქმედოს, როგორც ეს სადღაც შორს მყოფ პიროვნებას მიზანშეწონილად მიაჩნია.“1
შპენგლერის აზრით, დღევანდელი პრესა (უცვლელად ვტოვებთ რვა ათეული წლის წინანდელ დროის მსაზღვრელს, ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ინფორმირების საშუალებები იზრდება - მ.შ.) უდიდესი არმიაა და მას საუკეთესო ორგანიზაცია აქვს. ჟურნალისტი ოფიცერია, ჯარისკაცი კი- მკითხველი და „აქ ის ხდება, რაც ყველა არმიაში: ჯარისკაცი ბრმად იჯერებს...მკითხველმა არ იცის, თუ რა სურთ გააკეთონ მისი ხელით და არც მოვალეა ეს იცოდეს...ამაზე უფრო საშინელი სატირა აზროვნების თავისუფლების შესახებ სწორედ აღარ შეიძლება არსებობდეს. ძველად თავისუფალი აზროვნება არ იყო ნებადართული. დღეს მხოლოდ იმის აზროვნება შეიძლება, რაც უსათუოდ უნდა იაზროვნო დასწორედ ეს არის შენი თავისუფლება“. ამ თავისუფლების მეორე მხარე ის გახლავთ, რომ ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს, რაც სურს, მაგრამ სწორედ პრესის საქმეა, გაუწევენ ამას ანგარიშს თუ არა: „პრესას შეუძლია ყოველივე „ჭეშმარიტებას“ სიკვდილი მიუსაჯოს, ის არ ისურვებს „ჭეშმარიტების” გავრცელებას და ეს სიჩუმის საშინელი ცენზურა იმდენად ძლიერია, რამდენადაც გაზეთის მკითხველი მონა ვერაფერს იგებს მის შესახებ.“